Tuesday, May 12, 2015

ერთი მშვენიერი დღე




















ცხოვრება რთულია,ზოგჯერ ის მიწისქვეშა გადასასვლელში სიარულს წააგავს,სადაც ჰაერი იხუთება და ცდილობ სარკმელს მიაგნო,რომ ამოისუნთქო. მიდიხარ,მიდიხარ,მიდიხარ წინ,გასასვლელისკენ და ერთი სული გაქვს, როდის შეგეგებება მზის სხივები. მთელი კაცობრიობა ამ დღეს ელის. იმედოვნებენ,რომ ეს მათი ბედნიერი დღე იქნება. ამ მზიან დღეში სიკვდილს,ანუ ხორცისა და სულის გაყრას არ ვგულისხმობ,არამედ უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს. ჩვენ ყველა ველით დღეს,როდესაც ჩვენი პრობლემები ბარგი-ბარხანას ჩაალაგებს და წავა ჩვენი ცხოვრებიდან. მეც ვუცდი ამ დღეს,ვუცდი სულმოუთქმელად,მაგრამ განა სწორია ამ ერთი დღისთვის გადავდო ბედნიერება? მივიჩნევ,რომ დღესვე,აი ამ წუთს,ამ წვიმიანსა და მოქუფრულ დღეს უნდა ვიყო ბედნიერი,არ მივიხედო ჩემი პრობლემებისკენ და თავისუფლად ამოვისუნთქო. ღრმად ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი და მივცე მას საშუალება სიცოცხლე და ხალისი შემოიტანოს ჩემში,მერე რა,თუ განსაცდელში ვარ,მე მაინც მაქვს მიზეზი ღიმილის,მე მაინც შემიძლია ვიყო ბედნიერი დღეს. რა მაბრკოლებს დღეს ბედნიერებისგან? ნუთუ სიდუხჭირის,განსაცდელების ან რაიმე მსგავსის გამო,საკუთარ თავს ბედნიერების უფლება უნდა წავართვა? ეს ხომ ეგოიზმია. ჩვენი ცხოვრება ისედაც დღენაკლულია. მე არ დავუცდი ერთ მშვენიერ დღეს,თუმცა ის ძალიან მალე დადგება,მე უკვე დღეს ვიქნები ბედნიერი,რადგან გამჩენმა ყოველივე მომცა ამისთვის. მე ვსუნთქავ,ეს საკმარისია იმისათვის,რომ ახალი ხედვა მომეცეს. უფალს არ დავვიწყებივარ,ის უბრალოდ ნებას მრთავს განსაცდელში გავიარო,რომ ვიყო გაბედული და ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო. მე დღეს ვიქნები ბედნიერი და მადლიერი გამჩენის,ის "ერთი მშვენიერი მზიანი დღე" კი მალე გათენდება.

No comments:

Post a Comment