მევიოლინე
ძველი წაბლის ხის
ქვეშ,პატარა მორზე,ჭაბუკი იჯდა და ვიოლინოზე უკრავდა. აპრილის სუსხიანი დილა იყო.
ადამიანის ყურს
არასოდეს სმენია აქნობამდე მსგავსი მელოდია,გაჯერებული სევდითა და ტკივილით,მაგრამ
ამავედროს სავსე იმედითა და სიხარულით. ვიოლინო ჭაბუკთან ერთად ტიროდა. ფიცრულის კუთხეში
ბავშვები ჩაცუცქულიყვნენ და გარინდულნი უსმენდნენ. გამვლელნიც ჩერდებოდნენ დროდადრო
და გაკვირვებული თვალებით უმზერდნენ. ის უცხო იყო,უცხო მხრიდან. სამოსიც გასცვეთოდა.
გარემო იდუმალი და უჩვეულო განცდით დაიმუხტა. დაკვრა დაასრულა,ვიოლინო ჩამოიღო და უეცრად,თვალთაგან
ჩამოცვენილი ცრემლის წვეთები ვიოლინომ გულში ჩაიკრა და დაიმარხა.
როგორ მიხვდებიან უცხონი,რამდენი ტკივილია დაგროვილი
ახალგაზრდა გულში. საიდან გაიგებენ რა საშინელია უმზერდე მშობლების,და-მებისა და ახლობლების
გაჟლეტას. როგორ უთანაგრძნობენ მას ის ადამიანები,რომელნიც ყოველ საღამო საოჯახო ტრაპეზთან
ერთურთის ცქერით ტკბებიან?
უცხონი დასცინიან მას,დასცინიან,რადგან მათი გულები
მოკლებულია თანაგრძნობას. მაგრამ გამჩენი იცნობს მას,იცნობს სახელით. როდესაც სული
ტირის,მისი ცრემლების ხმა მხოლოდ ღმერთს ესმის. იცის ეს მევიოლინემ,იცის და ეიმედება.
ის აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში,აღთქმულ მიწაზე,რომელიც წაართვეს მას. აუცილებლად
გაივლის იმ ქუჩებში,სადაც წლების წინათ მისი ოჯახი და ახლობლები უმოწყალოდ ამოხოცეს
ე.წ მშვიდობისმყოფელებმა. რამდენი ძალადობა და სისასტიკე ნახა მან... როგორ სწამდეს
ის,რომლის სახელითაც მისმა მორწმუნეებმა ამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარეს?
იერუშალემის ქუჩებში სისხლის ნაკადულნი ჩქეფდნენ და წითლად ღებდნენ იქაურობას. დიახ,ხალხს
კი ეს სასაცილო ჰგონია და მასაც სასაცილოდ მიიჩნევენ.
წაართვეს სამშობლო,ოჯახი,სარწმუნოება. მისი რწმენა
სხვებმა მიისაკუთრეს და დაამახინჯეს. სწამს თუ არა მას თავისი ჰა მაშიახის (ქრისტესი)?
-სწამს. მაგრამ სხვანაირად სწამს,მთელი გულით სწამს და ეიმედება,მაგრამ მისი უფალი
განსხვავდება იმისგან,რომელსაც ის დაუნდობელი ჯარისკაცები ემსახურებოდნენ. მისი იეშუა
(იესო) ერთგული და კაცთმოყვარეა,ის ერთგულია თავისი აღთქმისა და სიტყვისა.
ეჰ რა იციან ადამიანებმა
რა რთულია უმზერდე ყოველივე ამას. მევიოლინე ეულია. იცის,სიცოცხლის ფასად დაუჯდება
უკან დაბრუნება,მაგრამ დიდი მეფის ქალაქში მიიწევს მაინც. მიდის და მისი გული ხარობს.
ღამით,როდესაც მთელს
სოფელს პირქუში ძილით ეძინა,მშიერ-მწყურვალი მევიოლინე ტყისკენ გაეშურა. წინ ძალიან
დიდი გზა ჰქონდა სავალი,იყო სოფლები,მთები და ხრიოკი ადგილები. სიცივისგან ბაგე უკრთოდა,მაგრამ
შინაგანში გამეფებული მოლოდინი და სიხარული მხნეობასა და ძალას მატებდა მას. არ აშინებდა
არც უკუნითი სიბნელე და არც მგელთა ყმუილი. სწამდა და მიდიოდა. რწმენა,რა არის რწმენა?
რწმენაა,როდესაც გშია,გცივა და გწყურია,მაგრამ არ ნებდები,მაინც ერთგული ხარ და ელოდები
გამჩენს. მევიოლინესაც სწამდა და ეს რწმენა უნათებდა გზას უკუნით სიბნელეში. მისი შემქმნელი
მასთან იყო.
გაიარა ტყე,გზა
და გზა მეეტლე წაიყოლებდა ხოლმე. მზის გამონათებას ჰგავს ხოლმე მშველელის გამოჩენა,მის
ცხოვრებაშიც ასე იყო. დიდი მანძილი განვლო და სოფლად შემავალს დაათენდა,თუმცა ეს მერამდენე
ღამე იყო გზაში დათენებული აღარ იცოდა. სული მოითქვა ჭის წყლით და ცოტაოდენი საგზლით.
სვლა განაგრძო,ისევ დაღამდა. დასუსტების მაგიერ,მისი სხეული განაგრძობდა მხნედ სვლას.
სევდა რომ შემოაწვებოდა ვიოლინოს ამღერებდა ხოლმე და გულშინადებს მისი მეშვეობით ამბობდა.
ის იყო გზირი სხვებისთვის,მოხეტიალე,ამოცანა
ამოხსნისა და პასუხის გარეშე.
ბევრი იარა თუ ცოტა,სამშობლოს
მიუახლოვდა. რთულია იმ გრძნობის გადმოცემა,რასაც ის განიცდიდა. ამას ვერც ვერავინ მიხვდება.
დაღამებას უცდიდა.
როდესაც მთვარე მიესალმა დედამიწას და მასზე მცხოვრებნი
წარმოსახვის საუფლოში დაინთქნენ,მევიოლინე ჩუმად,ლანდივით მიუახლოვდა სამშობლოს. დარაჯნი
თვლემდნენ. რომ გაიღვიძონ და შენიშნონ,უთუოდ მოკლავენ,მაგრამ განა რა აზრის აქვს მის
სიცოცხლეს იერუშალემის გარეთ?
დაადგა ნაცნობ ქუჩებს,ქალაქისკენ მიმავალს,ქუჩებს
სადაც უამრავჯერ უსეირნია მშობლებთან ერთად. ახლა ეს ქუჩები მკვდარი იყო. მეფის ქალაქში
შევიდა,თალები აუწლიანდა და ხელი აუკანკალდა. თრთოდა. ტაძრის ნანგერევებს მიუახლოვდა,იმ
ტაძრის,რომლის კრეტსაბმელნიც მისი იეშუას ჯვარცმის დროს შუაზე გაიხა,რათა მისთვის წმიდათა
წმიდაიში გზა გაეხსნა. ვინ იცის,რას ნიშნავს
ეს ნანგრევები მისთვის? როგორ გაიგებენ უცოტომელნი მის ტანჯვას,როგორც მიხვდებიან,თუ
მისი სულის ტანჯვას,როდესაც თავის დანგრეულ ქალაქს უმზერს?
ფეხაკრეფით მიაბიჯებდა და გულისცემა საკუთარი ყურით
ესმოდა,თვალთაგან დაცვენილი ცრემლები ასველებდნენ მიწას. უეცრად გაჩერდა,გაშეშდა...
მუხლი მოეკვეთა და დაიჩოქა. ვიოლინო მიაზე დადო,სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა. გოდების
კედელი აღმართულიყო მის წინაშე. თვალწინ დაუდგა წარსული. გაახსენდა ბოლო დღესასწაული,ბოლოჯერ
აღნიშნული ფესახი ოჯახთან ერთად. ერე საზარელი ამბები.
მზიანი დილა გახდლათ,
ის მამის კალთაში იჯდა,სულ ხუთიოდე წლის თუ იქნებოდა. მამა იეშუაზე ესაუბრებოდა. მაგიდაზე
თანახი იყო გადაშლილი. უეცრად ყვირილის ხმა გაისმა და სახლში სახე გაფითრებული დედა
შემოვარდა,სასწრაფოდ გამოსტაცა ბავშვი მამას,თანახი უბოძა და სარდაფისკენ წაიყვანა.
გარედან წივილ-კივილი ისმოდა და ხმამაღალი,შეურაცხმყოფელი სიტყვები. მხოლოდ ფანჯრიდან
მოკრა თვალი,ლამაზ ფორმებში გამოწყობილ ჯარისკაცებს. ხალხს მიერეკებოდნენ,თან იცინოდნენ,ზოგს
უმალვე კლავდნენ. ხმამაღალი და ირონიული,სარკაზმული ტონით გაჰყვიროდნენ:
-„მკვლელებო,თქვენ
ჩვენი უფალი მოკალით,ახლა ნახავთ სიკვდილი როგორი უნდა. იერუსალიმი ჩვენია.“
უკვირდა პატარა
მევიოლინეს,მას არავინ მოუკლავს,არც მის ოჯახს.
დედამ ამბორი და
ხის ფიცრები დაფარება ძლივს მოასწრო,რომ სახლში შევარდნილმა მომღიმარმა,წითელჯვრიანმა
ჭაბუკმა შუბით განგმირა. ვინ აღწერს იმ შიშსა და მისტერიას,რაც მან განიცადა მაშინ.
პატარა თითებით იხუტებდა თანახს და მხურვალე ცრემლები უსველებდნენ სახეს. მომდევნო
დილით ამოვიდა სარდაფიდან. შიშისგან ჩასძინებოდა საბრალოს. იმედი ჰქონდა,რომ მომხდარი
სიზმარი იყო მხოლოდ,მაგრამ სიზმარი რეალობა
ყოფილა. დედას ეძებდა,უფრო სწორედ მის სხეულს,მაგრამ
ვერსად ნახა. ვერც მამა. ერთადერთი რაც მშობლებისგან ჰქონდა თანახი იყო. სინაგოგისკენ
გასწია, თვალთაგან ცრემლი სდიოდა, ყური მოკრა მომხდურს,ქუჩაში ხალხი საუბრობდა. ცოცხლად
დარჩენილნი სინაგოგაში გამოუმწყვდევიათ და დაუწვიათ ცოცხლად,მამამისიც იქ ყოფილა და
მისი უფროსი ძებიც.
გაახსენდა იერუშალემიდან წამოსვლა,როგორ დასვეს
ცხენზე და წამოიყვანეს,იმ იმედით რომ როგორმე გადარჩებოდა. მოაგონდა როგორ იცდიდა მთელი
ეს წლები,რომ უკან დაბრუნებულიყო. მისი გული ამ ერთი მიზნით ფეთქავდა,რომ კვლავ გაეარა
დიდი მეფის ქალაქში.
გოდების კედელს
თავით მიყრდნობილი მოთვამდა მევიოლინე.
_“როგორ შეუძლია
ამ ხალხს,რომელიც ჩემი მაშიახის,იეშუას მორწმუნეს უწოდებს საკუთრ თავს და ამბობს,რომ
სიყვარულის ღმერთს ემსახურება,ასე ჰქონდეს სიძულვილით აღვსილი გული? რა დავუშავე მე
ან ჩემმა ოჯახმა მათ?“ ფიქრობდა ის და ტიროდა.
_“მაგრამ აუცილებლად მოვა დრო,როდესაც აღსრულდება
დაწერილი,მეფე ისევ მოვა და აღადგენ იერუშალემის ნანგრევებს,შეკრებს დედამიწის ოთხივე
კიდიდან გაფანტულ იშრაელს და შეარცხვენს მათ
მტრებს. ჩვენ ისევ ვივლით აღთქმულ მიწაზე,ღვთის ქალაქში.“
ავტორი:
ია კარგარეთელი
აპრილი. 2015წელი.
No comments:
Post a Comment